Thursday, April 14, 2011

ქართული ენის ადგილი მსოფლიო ენათა შორის

საერთო წარმოშობის ენები ენათა ოჯახს ქმნიან. ამგვარ ოჯახებში გაერთიანებულ ენებს მონათესავე ენები ეწოდება. ენათა ნათესაობას ადგენენ ისტორიულ-შედარებითი მეთოდით. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ენათა ოჯახი (მაგ., ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-ალთაური...), მაგრამ ქართული ენა განცალკევებით დგას და მონათესავე სვანურთან და ზანურთან (მეგრულ-ლაზურ) ერთად ქართველურ ენათა ჯგუფს ქმნის, რომელიც ერთიანდება მთის კავკასიურ ენებთან იბერიულ-კავკასიური ოჯახის სახით.ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა

ქართველური და მთის კავკასიური ენების გავრცელების ძირითადი სივრცეა კავკასიის რეგიონი. მთლიანობაში და ცალ-ცალკე ეს ენები თავისებური სტრუქტურისაა. მკვლევართა ნაწილის აზრით, ამ ენებს მხოლოდ ტიპოლოგიური მსგავსება აერთიანებთ, ხოლო სხვებს, პირიქით, ისინი მონათესავე ენებად მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ცნობილი რუსი ენათმეცნიერები ე. ბოკარიოვი და გ. კლიმოვი ერთ-ერთ წერილში წერენ: ,,კავკასიისმცოდნეთა მეტი წილი ვარაუდობს კავკასიურ ენათა ყველა შტოს თავდაპირველ წარმოშობითს ნათესაობას”. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სამეცნიერო სკოლა, რომლის წიაღში შეიქმნა იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, როგორც დამოუკიდებელი მოძღვრება იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახზე.

იბერიულ-კავკასიური ენების ცნება ოთხ ენობრივ ჯგუფს მოიცავს: ქართველურს (resp. იბერიულს), აფხაზურ-ადიღურს, ნახურსა და დაღესტნურს.

ქართველური ენებია: ქართული, ზანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური. ისინი გავრცელებულია საქართველოში, თუმცა ლაზური ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზეა. საქართველოს ფარგლებს გარეთ გვხვდება ქართული ენის დიალექტები: ინგილოური (აზერბაიჯანში), ფერეიდნული (ირანში), შავშურ-იმერხეული (თურქეთში).

ქართული ძველი დამწერლობის მქონე ენაა (უძველესი წარწერები V საუკუნეს განეკუთვნება). ქართული სალიტერატურო ენა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ენას და ქართველთა კულტურული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ერთობის ნიშანს. ქართული სახელმწიფო ენის კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო კულტრის საგანძურს წარმოადგენს.

ქართული ზეპირი მეტყველება ისტორიულად ჩამოყალიბებულა რამდენიმე დიალექტურ ერთეულად, რომლებსაც გეოგრაფიული თუ სისტემური მსგავსება-სხვაობის მიხედვით აჯგუფებდნენ მთისა და ბარის დიალექტებად (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა), დასავლურ და აღმოსავლურ დიალექტებად (შ. ძიძიგური, ბ. ჯორბენაძე). ზოგჯერ სხვადასხვა ავტორთან დიალექტთა რაოდენობაც განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა საკლასიფიკაციო ნიშანს მიმართავს იგი. დღევანდელი ვითარებით, ქართულის დიალექტებია: ქართლური, კახური, ქიზიყური, ინგილოური (აზერბაიჯანში), იმერული, ლეჩხუმური, რაჭული, გურული, მესხურ-ჯავახური, აჭარული, იმერხეული (თურქეთში), ფერეიდნული (ირანში იმ ქართველთა მეტყველება, რომლებიც შაჰ-აბაზმა მეჩვიდმეტე საუკუნეში კახეთიდან აყარა და დაასახლა ისპაჰანის პროვინციაში), ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულურ-გუდამაყრული, მოხეური.

ზანური (resp. კოლხური) პირობითი სახელწოდებაა მეგრულისა და ლაზურის (resp. ჭანურის) ერთიანობისა. მკვლევართა ერთი ნაწილი მეგრულსა და ლაზურს ერთმანეთის მიმართ განიხილავს დიალექტებად, ხოლო მეორე ნაწილი _ ენობრივ ერთეულებად. არნოლდ ჩიქობავას სკოლის მონაცემებით, ისინი ერთმანეთის მიმართ დიალექტებია.

მეგრული გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და, თავის მხრივ, კილოკავებად იყოფა: ზუგდიდურ-სამურზაყანოული და სენაკურ-მარტვილური.

ლაზური მეტყველება საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება სოფ. სარფში, ნაწილობრივ გონიოსა და ბათუმში (ხოფური კილოკავი). როგორც აღინიშნა, ლაზების განსახლების ტერიტორიის მეტი წილი თურქეთის შემადგენლობაში შედის, სადაც წარმოდგენილია შემდეგი კილოკავები: ათინური, ვიწურ-არქაბული და ხოფური.

სვანური ძირითადად გავრცელებული იყო ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში და მას ყოფენ შემდეგ დიალექტებად: ბალსზემოური, ბალსქვემოური (მდ. ენგურის ხეობა), ლაშხური, ლენტეხური (მდ. ცხენისწყლის ხეობა) და, ზოგიერთი კლასიფიკაციით, ჩოლურული. სვანური მეტყველება ეკომიგრაციის შედეგად დასტურდება საქართველოს სხვა რეგიონშიც (ქართლი, კახეთი...). ასევე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად მეგრული მეტყველება გვხვდება დევნილთა განსახლების სხვა ადგილებშიც როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

მთის კავკასიურ ენებში გამოყოფენ სამ ჯგუფს: აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ ენათა ჯგუფებს.

აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფიდან აფხაზური ენა ძირითადად გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და მას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი. აფხაზური მეტყველება ასევე დასტურდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც აფხაზები ,,მუჰაჯირობის” შედეგად დამკვიდრდნენ მე-19 ს-ის დასასრულს.

აფხაზური ენის კილოებია: (არნ. ჩიქობავას კლასიფიკაციით) სამხრული _ აბჟუური (ოჩამჩირის რ-ნი) და ბზიფური (გუდაუთის რ-ნი); ჩრდილოური _ აშხარული და ტაპანთური _ ჩრდილოკავკასიაში. აკად. ქ. ლომთათიძის კლასიფიკაციით აბჟუური და ბზიფური აფხაზური ენის, ხოლო აშხარული და ტაპანთური აბაზური ენის დიალექტებია.

ყველა დანარჩენი კავკასიური ენა გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, თუმცა რამდენიმე მათგანის დიალექტური ნაირსახეობა დასტურდება საქართველოშიც, ისტორიული მიგრაციის შედეგად: ქისტური, იგივე ჩეჩნური _ ახმეტის რაიონში, ხუნძური, კაპუჭური და უდიური _ ყვარლის რაიონში. ბაცბურ ანუ წოვა-თუშურ ენაზე ლაპარაკობენ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში.

იბერიულ-კავკასიური ენების აღსანიშნავად სამეცნიერო ლიტერატურაში იხმარებოდა სინონიმური ტერმინები. ნ. მარი ამ ენების აღსანიშნავად ხმარობდა ტერმინს ,,იაფეტური ენები” , ივ. ჯავახიშვილი _ ,,ქართულ-შარომატული ენები” , კ. ულენბეკი _ ,,პალეოკავკასიური ენები”, ფრ. ჰომელმა კი ეს ენები მოაქცია ,,ალაროიდულ ენათა” წრეში. ქართველური ენების გვერდით იხმარება ტერმინი იბერიული (ფრ. ბოპი, არნ. ჩიქობავა...), ა. შანიძემ ამ ენებს ,,ქამესური” ენებიც უწოდა.

ასევე სინონიმური ტერმინებია: ჭანური (ნ. მარი, არნ. ჩიქობავა...) და ლაზური (გ. როზენი, ჰ. შუხარდტი, ა. მეიე, ჟ. დიუმეზილი), ზანური (მეგრულ-ლაზურის აღსანიშნავად შემოიღო არნ. ჩიქობავამ) და კოლხური (ა. შანიძე).

აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ენებს ივ. ჯავახიშვილი უწოდებდა ,,სინდურ ენებს”. ასევე სინონიმებია: ადიღური და ჩერქეზული, ბაცბური და წოვა-თუშური, ხუნძური და ავარიული, კაპუჭური და ბეჟიტური და სხვ.

link:

ქართული ენის ანბანი
link:

link:

No comments:

Post a Comment